დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლა(კოორდინირებას უშუალოდ უწევს ,,აკმე") 2015 წ.

„წიგნი სიყვარულია“ შუაფხოს საჯარო სკოლაში




                                                მკითხველთა კლუბი: „წიგნიონები“
                                                      
პროექტი: „წიგნი სიყვარულია“

სკოლა: დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლა
მკითხველთა კლუბი: „წიგნიონები“

შეხვედრა: მეოთხე

თარიღი: 24.03.2016

ლია ლიქოკელის „თავისუფლების დღიურები“

 2016 წლის 24 მარტს  შუაფხოს საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბმა „წიგნიონები“ პროექტ „წიგნი სიყვარულია“-ს ფარგლებში შეხვედრა მოაწყო ლია ლიქოკელის „თავისუფლების დღიურებზე“. ლია ლიქოკელს ისეთი განსაკუთრებული წერის სტილი და პიროვნული თავისთავადობა აქვს, რომ მას ლიტერატურულ აღმოჩენას უწოდებენ.


შეხვედრის მიზანი ლია ლიქოკელის გაცნობასთან ერთად, მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების გამოვლენა და ჩვენი ყოველდღიურობის შეცვლაზე დაფიქრება იყო. მიუხედავად უამინდობისა, უშუქობისა და კიდევ ბევრი პრობლემისა, შეხვედრა დაგეგმილ დროს გაიმართა. თავად დღიურებიც იმ ამბავზე იყო, როგორ უნდა დასძლიო და შეცვალო კიდეც მოსაწყენი ყოველდღიურობა. შეხვედრის ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მკითხველთა კლუბის წევრები და კოორდინატორები. 



ბარბარემ წიგნის პრეზენტაციას გადაცემის სახე მისცა. სპეციალურად დაამზადა მიკროფონი „წიგნიონების“ ლოგოს გამოსახულებით, ერთმა პრეზენტაცია წარმოადგინა ლია ლიქოკელზე. კოორდინატორი მასწავლებელი კი უშუალოდ დაუკავშირდა ავტორს და შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა შთაბეჭდილებები, რომ ლია ლიქოკელი სინამდვილეშიც ისეთია ზუსტად, როგორიც „თავისუფლების დღიურებში“ ჩანს. როგორ ცდილობს მოსაწყენ და ერთფეროვან ყოველდღიურობას აჯობოს, ითმენს ასეთ დღეებს, თავს ისეირნებს და ცხოვრებას თავად ხდის საინტერესოს. 


როგორც პირად საუბარში თქვა, თავი უნდა გადამერჩინა და ჩემი „ეშმაკობები“ მოვიფიქრეო. ბავშვების ამბავმა ძალიან გაახარა და დიდ პატივად ჩათვალა მისი დღიურებით ჩვენი დაინტერესება. ავტორთან უშუალო კომუნიკაცია პირველად მოხდა პროექტის განმავლობაში და ყველასთვის სიურპრიზი იყო. 



არანაკლები სიურპრიზი იყო თავად შეხვედრა. ბარბარემ მიკროფონით მკითხველთა კლუბის წევრებთან ერთად სტუმრებიც ჩართო დღიურებზე საუბარსა და ჩვენი ყოველდღიურობის შეცვლაზე მსჯელობაში. შეხვედრის ეს ფორმა ძალიან მოსაწონი აღმოჩნდა ყველასთვის. გამოკითხვის შემდეგ მკითხველთა კლუბის წევრმა წარმოადგინა პრეზენტაცია ავტორის გასაცნობად, შემდეგ მისი სტიმულით დაწერილი დღიურების კითხვა გაიმართა, რამაც მასწავლებელიც და მოსწავლეებიც უფრო სხვა თვალით გააცნო ყველას.


შეხვედრის ბოლოს კოორდინატორმა წარმოადგინა შემდეგი სტუმარი-მშობელი. მშობელმა მადლიერება გამოხატა მოწვევისა და  საინტერესო შეხვედრისთვის. ისაუბრა წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე და ბავშვებს წარუდგინა ვაჟა-ფშაველას მოთხრობა „მგელი“, რომელშიც ბევრ ზნეობრივ საკითხზეა საუბარი. ველოდებით შემდეგ შეხვედრას და იმას, თუ როგორი იქნება „წიგნიონების“ თვალით დანახული „მგელი“.
პროექტი  არასამთავრობო ორგანიზაცია „აკმეს“ ეგიდით ხორციელდება მოხალისეობრივ საწყისებზე.




შეხვედრა: მესამე
თარიღი: 24.02.2016

            2016 წლის 24 თებერვალს  შუაფხოს საჯარო სკოლის მკითხველთა გუნდმა „წიგნიონები“ პროექტ „წიგნი სიყვარულია“-ს ფარგლებში შემდეგი წიგნის პრეზენტაცია მოაწყო. პროექტი  არასამთავრობო ორგანიზაცია „აკმეს“ ეგიდით ხორციელდება მოხალისეობრივ საწყისებზე და კიდევ ერთი დასამახსოვრებელი დღე აჩუქა ფშავლებს.
შეხვედრა მოეწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ხატია მაღლაფერიძის მიერ წარდგენილ წიგნზე. ეს იყო ერიკ-ემანუელ შმიტის „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“.  

წიგნის კითხვაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი კლუბის წევრები, თუმცა შემდეგ ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, სხვა მოსწავლეები და მასწავლებლებიც შეუერთდნენ. ათი წლის ოსკარის ამბავმა გულგრილი არავინ დატოვა. როგორც აღმოჩნდა, ძირითადად ემოციების და ცრემლების ფონზე იკითხებოდა.


 შეხვედრის ორგანიზებაში ჩართული იყვნენ პროექტის კოორდინატორი მასწავლებელი და მოსწავლე. მისი მიზანი იყო წიგნის „გაცოცხლება“ და მოქალაქეობრივი თვითშგნების ზრდისთვის ხელშეწყობა. შესაბამისად, შეხვედრას აქციის ფორმა ჰქონდა- სიმსივნით დაავადებული ადამიანების მიმართ სოლიდარობის ნიშნად. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. კლუბის წევრებმა დაამზადეს ვარდისფერი გულსაბნევები და შეხვედრის ყველა მონაწილეს და სტუმარს დაამაგრეს გულზე. შემდეგ ამ აქციის სლოგანიც წარმოადგინეს: „მოდი, ჩვენი ცხოვრება ვარდისფერი გავხადოთ!“ (ამით იმის გამოხატვა უნდოდათ, რომ, როცა ჩვენ ვეხმარებით რამით სხვადასხვა სენით დაავადებულ ადამიანებს, ამით ცხოვრებას ვუფერადებთ და სიცოცხლის ხალისს ვუბრუნებთ, სამაგიეროდ ისინიც დიდ სითბოს და სიყვარულს გვჩუქნიან.

 ასე იყო ოსკარისა და დედა-როზას შემთხვევაშიც.) ერთმა მოსწავლემ წარმოადგინა პრეზენტაცია ამ დაავადებაზე და ცნობილ ადამიანებზე, რომლებიც მას ებრძვიან. ეს იყო საინტერესო, რადგან კიდევ ერთხელ დაარწმუნა ყველა, რომ წიგნში აღწერილი ოსკარის ამბავი ძალიან რეალური იყო და არა მხატვრული გამონაგონი. წიგნის საჯარო კითხვის დღესთან დაკავშრებით, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთად წაიკითხეს ოსკარის ღმერთისადმი მიწერილი წერილები, რომლებმაც სასიამოვნოდ დაასევდიანა ყველა.

 ამასთან, ავტორმა ძალიან სწორი გამოსავალი აპოვნინა ამ გამოუვალი სიტუაციიდან პატარა ოსკარს. გამოსავალი ღმერთისთვის წერილების მიწერა იყო. კოორდინატორმა მოსწავლემ წარმოადგინა კედლის გაზეთიც, რომელზეც საინტერესოდ იყო წარმოდგენილი თუ როგორ მიდიოდა ოსკარის წერილები ღმერთთან. თითო სურვილი დღეში-ეს იდეა მკითხველთა კლუბის წევრებმაც აიტაცეს და თავადაც დაწერეს სურვილები ღმერთისადმი. შეხვედრის ბოლოს მკითხველთა კლუბის წევრებს შემდეგი სტუმარი-მასწავლებელი წარუდგინა კოორდინატორმა. სტუმარმა კი ახალი და საინტერესო წიგნი- მკითხველებს. მომავალ საინტერესო შეხვედრამდე...



ანგარიში
პროექტი: „წიგნი სიყვარულია“

პირველი წიგნი: „ბიძია თომას ქოხი“

პირველი სტუმარი: სკოლის დირექტორი ირმა ცქიფაშვილი


          2015 წლის 25 დეკემბერს  შუაფხოს საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბმა პროექტის „წიგნი სიყვარულია“ ფარგლებში პირველი წიგნის პრეზენტაცია გამართა.




როგორც პროექტით იყო გათვალისწინებული, პირველი წიგნი მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა ირმა ცქიფაშვილმა წარუდგინა და ეს იყო ამერიკელი მწერალი ქალის ჰარიეტ ბიჩერ სტოუს  „ბიძია თომას ქოხი“.


           მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ წიგნის კითხვის პროცესში. დროდადრო გამოხატავდნენ თავიანთ ემოციებს და ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს. ბოლოს სხვადასხვა ფორმით წარმოადგინეს წიგნი და მასში ასახული პრობლემატიკა. ერთმა მოსწავლემ  მოამზადა პრეზენტაცია „მონობის ისტორია“, რომელშიც ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ მონობის რა მძიმე ფორმები არსებობდა კაცობრიობის ისტორიაში, მათ შორის ამერიკაში, როცა აფროამერიკელებს არაადამიანურად ექცეოდნენ და არ აძლევდნენ თავისუფლად ცხოვრების საშუალებას. მონების უბედურების  ერთადერთი მიზეზი მათი კანის ფერი და წარმოშობა ყო. ბევრი მონა ცხოვრების სიმძიმეს ქედს უხრიდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ბრძოლის გზას ირჩევდნენ. ამ კუთხით ორი მონის ისტორია აჩვენეს მოსწავლეებმა. ერთი იყო მშრომელი, მორჩილი, კეთილი, ღვთისნიერი  ადამიანი-ბიძია თომა, რომელიც უამრავი დამცირებისა და შეურაცხყოფის მიუხედავად ადამიანურ ღირსებას ბოლომდე ინარჩუნებს. მართალია, ბატონის სისასტიკის გამო, თომა ცხოვრებას ტრაგიკულად ასრულებს  და ვერ ეღირსება ადამიანურ თავისუფლებას, თუმცა სულის თავისუფლებას მაინც მოიპოვებს. მეორე ჯორჯის და ელზას ისტორია იყო, რომლებიც გაექცევიან მონობის აუტანელ ყოფას და თავისუფლებას სხვა ქვეყანაში იპოვიან. ამ ისტორიების მოსმენა განსაკუთრებით ემოციური იყო, რადგან უშუალოდ მთავარი პერსონაჟების ფრაზები ახლდა თან. 


შემდეგ მოსწავლეებმა  ფილმის მნიშვნელოვანი ეპიზოდები ნახეს და იმსჯელეს წიგნთან მსგავსება-განსხვავებაზე. შთამბეჭდავი იყო ბიძია  თომას სასიკვდილო ცემის ეპიზოდის გაცოცხლება. თომად ერთი მოსწავლე გარდაისახა, რომლის შეღებვაში ყველანი იყვნენ ჩართულნი. თომას ცემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სკოლაში და მასზე დიდხანს საუბრობდნენ.

 მოსწავლეებსაც კარგ მოგონებად დარჩათ ამ წიგნის წარდგენა, დაწერეს თავიანთი შთაბეჭდილებები, საიდანაც აშკარად ჩანს, რომ მათ ბევრი მაგალითი აიღეს თომასგან და მიხვდნენ, რომ თავისუფლება ნებისმიერ პირობებში და ნებისმიერ ფასად უნდა შეინარჩუნოს ადამიანმა. ყველა ერთად კი კიდევ ერთხელ დავრწმუნდით წიგნის ძალაში. „ბიძია თომას ქოხმა“ ხომ ხელი შეუწყო ამერიკაში მონობის დასრულებას. ამერიკის მიერ განვლილი გზა კი მონობიდან თავისუფლებამდე ნამდვილად სამაგალითოა ყველასთვის.

 შემდეგ წიგნთან  შეხვედრამდე...

პროექტის კოორდინატორი შუაფხოს საჯარო სკოლაში: ირინა კალანდაძე



2015 წლის 8 დეკემბერს დუშეთის მუნიციპალიტეტის შუაფხოს საჯარო სკოლაც შეუერთდა არასამთავრობო ორგანიზაცია „აკმეს“ საგანმანათლებლო პროექტს „წიგნი სიყვარულია“. უკანა ფშავის ტერიტორიაზე ეს ერთადერთი სკოლაა და ისიც მცირეკონტიგენტიანი(სულ 17 მოსწავლე).აქ ჩვეულებრივი ამბავია ერთმოსწავლიანი კლასები და ასევე ერთკაციანი სოფლები.


 ფშავის დემოგრაფიაზე თავად სკოლის დირექტორი ზრუნავს და მისი ცხრა შვილიდან ექვსი ამ სკოლის მოსწავლეა. სამწუხაროდ, მთასა და მთის შვილებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ხოლმე და ძალიან დიდი მადლობა პროექტის შემოქმედებით ჯგუფს, რომ შუაფხოელი მოსწავლეებსაც მისცა საშუალება ჩაერთონ პროექტში „წიგნი სიყვარულია“, გაუღრმავდეთ წიგნის სიყვარული, აუმაღლდეთ წიგნიერების დონე და თავიანთ თანატოლებსაც გაუზიარონ შეხედულებები და შთაბეჭდილებებისაქართველოს სხვადასხვა ქალაქისა თუ სოფლების სკოლებში. 


ეს ურთიერთობა და თანამშრომლობა ძალიან სჭირდებათ ფშავლებს და სხვებისთვისაც კარგი გამოცდილება იქნება.






პროექტის ფარგლებში გამართული პირველი შეხვედრა ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო. პროექტის კოორდინატორმა სკოლაში ირინა კალანდაძემ მოსწავლეებს და პედაგოგებს აჩვენა პრეზენტაციები,გააცნო პროექტის „წიგნი სიყვარულია“ მიზნები და ამოცანები.







სპეციალურად ამ პროექტისთვის მერვე-მეცხრე კლასის მოსწავლეებისგან ჩამოყალიბდა მკითხველთა კლუბი, შეხვედრების დაგეგმვისა და ორგანიზებისთვის შეარჩიეს ერთი კოორდინატორი მოსწავლე. დიდი ინტერესი გამოიწვია სტუმრის თემამ და წარვადგინეთ კიდეც პირველ სტუმრად სკოლის დირექტორი ქ-ნი ირმა ცქიფაშვილი. მან დაასახელა  ბავშვებისთვისძალიან საინტერესო და სასარგებლო წიგნი „ბიძია თომას ქოხი“. შემდეგი შეხვედრა უკვე ამ წიგნის გარშემო დაიგეგმება.






და ბოლოს, სკოლაში აქამდეც ფუნქციონირებდა მკითხველთა კლუბი „ჩემი წიგნი“, მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებდნენ ხოლმე წაკითხულ წიგნებს. მათ იცოდნენ და სჯეროდათ, რომ წიგნიცოდნის წყარო და ადამიანის მეგობარია, მაგრამ ახლა აღმოაჩინეს, რომ წიგნი სიყვარულია და იმედია, პროექტის განმავლობაში დარწმუნდებიან კიდეც ამაში.

ახლა კი გთავაზობთ ფშავის ბუნების ფოტოებს, სპეციალურად პროექტისათვის....








                


   პროექტის კოორდინატორი შუაფხოს საჯარო სკოლაში: ირინე კალანდაძე

2 комментария:

  1. ძალიან მაგარი პროექტია, რომელიც აერთიანებს მთასა და ბარს, დიდსა და პატარას. (ამინდს მნიშვნელობა არააქვს) ჩვენ კიდევ უფრო მეტნი ვიქნებით, პროექტს ვუსურვებ საქართველოს დაპყრობას.გავერთიანდეთ საერთო საქმის ირგვლივ, "ძალა ერთობაშია". წარმატებები ყველა მონაწილეს.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო! ჩვენ ერთად თუ შევძლებთ ვაკეთოთ სასიკეთო საქმე....

      Удалить